სატყეო სააგენტო მოსახლეობას ტყეში უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს

 (photo: )

ეროვნული სატყეო სააგენტო, ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან დაკავშირებით, მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვას ტყეში უსაფრთხოების წესები და დაემორჩილოს იმ აკრძალვებს, რომლებიც ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობისას და კოცონის დანთებისას ვრცელდება. 

უწყების ინფორმაციით, მათ საქართველოს მასშტაბით, ხანძარსაშიშ უბნებსა და იმ ტერიტორიებზე, რომლებიც განსაკუთრებით დატვირთულია ტურისტულ სეზონზე, საინფორმაციო-გამაფრთხილებელი ნიშნები დაამატა.
,,სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში.
ტყის ფონდის დანარჩენ ტერიტორიაზე ხანძრის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას. ზაფხული მაღალი ტემპერატურის გამო განსაკურებით ხანძარსაშიში პერიოდია. სტატისტიკის მიხედვით, ამავდროულად, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა, რომელმაც შესაძლოა, სავალალო შედეგები გამოიწვიოს. ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე'',- განუცხადეს knews.ge-ს ეროვნულ სატყეო სააგენტოში.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“