მაჩალიკაშვილების ოჯახი რუსთაველზე დაკავებულ ყაზახეთის მოქალაქესთან კავშირს უარყოფს

 (photo: )

პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს რუსთაველზე დაკავებულ ყაზახეთის მოქალაქე ბესლან ლორსანოვის მათთან კავშირს. 

შესაბამისი განცხადება ოჯახმა სოციალურ ქსელში გაავრცელა და გავრცელებული ინფორმაცია მათი დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასა. 
"გვსურს გამოვეხმაუროთ, რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ 11 ივნისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირს ჩვენს ოჯახთან და ჩვენს გარემოცვასთან აქვს კავშირი. გვინდა ხაზგასმით განვაცხადოთ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს და ჩვენს ოჯახს ბესლან ლორსანოვთან არანაირი შეხება არ აქვს. აქციების დაწყების პერიოდიდან, მანამდე ან დაკავების დროს მალხაზ მაჩალიკაშვილს მასთან რაიმე ფორმით კომუნიკაცია არ ჰქონია და ზოგადად დაკავებამდე მისი არსებობის ან საქართველოში ყოფნის შესახებ ჩვენთვის უცნობი იყო, თუმცა, დაკავების შემდგომ სხვადადასხვა წყაროებიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ აღნიშნული პიროვნება დაახლოებით 6 წელია საქართველოში ცხოვრობს და გარკვეულ პერიოდში სასაჯელაღსრულების დაწესებულებაშიც იყო მოთავსებული.
აგრეთვე გვინდა ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ ლორსანოვი არ ყოფილა 2018 წლის 11 ივნისს აქციაზე, მით უფრო ჩვენი ოჯახის წევრების გვერდით, რასაც ადასტურებს ის გარემოებაც, რომ შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს პიროვნება დააკავეს არა უშუალოდ აქციაზე, არამედ სხვა ტერიტორიაზე და მან მისი პიროვნების იდენტიფიკაციის პროცესში გაუწია წინააღმდეგობა პოლიციის თანამშრომლებს", - ნათქვამია მაჩალიკაშვილების ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
ოჯახი შესაბამის ორგანოებს და მედია საშუალებებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მსგავსი პროვოკაციული ქმედებებისგან და გაავრცელონ ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“